საზოგადოება
12.11.2021 11:59
შესაძლოა, ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება იყოს საჭირო - ამირან გამყრელიძე

შესაძლოა, ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება იყოს საჭირო, საკითხთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გაკეთების მსურველთა რაოდენობა იზრდება და დღეის მონაცემებით, დაახლოებით 4 600-მდე ადამიანმა „ბუსტერი“ უკვე გაიკეთა.

„შესაძლებელია, ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება იყოს საჭირო, ამის შესახებ მიმდინარეობს კვლევა. გარდა ამისა, გვაქვს დაახლოებით 50-მდე მეოთხე დოზა უკვე  გაკეთებული. ეს ის არიან ადამიანები, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ. უკვე შემცირდა იმ ქვეყანების რაოდენობა, რომლებიც არ სცნობდნენ „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ აცრილებს და მათი მოგზაურობისთვის საჭირო იყო რომელიმე RNM ვაქცინის სერტიფიკატის ქონა. დაშვებულია ჩვენი კანონმდებლობით, რომ თუ მიემგზავრებით ისეთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება არ შეგიშვან იმ ვაქცინით, რაც გაქვთ გაკეთებულია, შეგიძლიათ აიცრათ „ფაიზერით“ მესამე დოზით და 28 დღის შემდეგ ისევ გაიმეოროთ მეოთხე დოზა. არ არის პრობლემა. ბევრი ჩვენი სტუდენტი, ვინც მიემგზავრებოდა დასავლეთის ქვეყნებში და სადაც შესაძლებელი იყო, რომ ეს რეგულაციები ყოფილიყო, ოთხი დოზით არის აცრილი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში, ამ დროისთვის, დაახლოებით 2 მილიონნახევარი დოზა სხვადასხვა ტიპის ვაქცინაა. მომავალი წლისთვის კი, შეკვეთილია დამატებითი დოზები მათთვის, ვისაც „ბუსტერები“ დასჭირდება.

კვირის ამბები