სპორტი
11.11.2021 14:34
საქართველო - უზბეკეთის ამხანაგური მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება - გაიყიდება თუ არა მატჩზე დასასწრები ბილეთები

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები მიმდინარე სეზონს 2021 წლის 15 ნოემბერს, უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგური მატჩით დაასრულებს. შეხვედრას თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონი უმასპინძლებს, მატჩი 18:00 საათზეა ჩანიშნული.

როგორც ცნობილია, მატჩი უეფას მიერ შემუშავებული რეგულაციების შესაბამისი წესების დაცვით ჩატარდება, ამასთან, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეხვედრას მედიის წარმომადგენელთა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება.

ბილეთების საკითხთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ამ დროისთვის დეტალები ცნობილი არ არის, როდის, სად, ან რა რაოდენობის ბილეთი გაიყიდება. „გორის მაცნეს“ ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე უკვე ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები და არენა, ტექნიკურად უკვე მზადაა 15 ნოემბერს საქართველოსა და უზბეკეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრას უმასპინძლოს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე მატჩს დღეს, ბათუმში, შვედეთის წინააღმდეგ მართავს. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და ამ დროისთვის, ყველა ბილეთი გაყიდულია. გულშემატკივარს მატჩის თვალისდევნება პირდაპირ ეთერში, საქართველოს პირველ არხზე შეეძლება.

კვირის ამბები