გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ამჟამად კლინიკებს ბევრად უფრო გართულებული მდგომარეობით მომართავენ პაციენტები, - ამის შესახებ სამედიცინო ქსელ ,,გორმედის“ გენერალურმა დირექტორმა ანდრია მიზანდარმა განაცხადა. მიზანდარის ინფორმაციით, პანდემიის პირველ ეტაპზე თუ 7-8 დღე საკმარისი იყო კოვიდინფიცირებული პაციენტების სტაციონარული მკურნალობისთვის, ამჟამად, მკურნალობას გაცილებით მეტი დრო ჭირდება.
,,თუ შევადარებთ ამჟამად არსებულ მდგომარეობას გასული წლის იგივე პერიოდთან, გეტყვით, რომ გაცილებით მძიმე კონტიგენტი შემოდის სტაციონარში, ვიდრე 2020 წლის იგივე პერიოდში. შესაბამისად, სტაციონარში დაყოვნების პერიოდიც უფრო ხანგრძლივია და სამედიცინო პერსონალს მეტი ძალისხმევა სჭირდება მათი მკურნალობისთვის. დღეის მდგომარეობით, ,,გორმედის“ ქსელში მოქმედ კოვიდკლინიკებში, გორში, ქარელსა და ხაშურში, სადაც 250-მდე საწოლია მობილიზებული, ყველა საწოლი დაკავებულია და ახალი პაციენტების მიღება ხდება მხოლოდ გამოჯანმრთელებულთა გაწერის ხარჯზე“, - აღნიშნა სამედიცინო ქსელის ხელმძღვანელმა.