საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეღვრეკისში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. 75 აღსაზრდელზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. რაც შეეხება პროექტის ღირებულებას, ოფიციალური ინფორმაციით, ჯამში, 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული საბავშო ბაღი ადგილობრივების გარდა, მეზობელ სოფელში - ერგნეთში მცხოვრებ პატარებსაც მოემსახურება.
ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებს შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი პირადად გაეცნო და აღნიშნა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, გორის მუნიციპალიტეტში კიდევ ორი პროექტი ხორციელდება. კერძოდ, საბავშო ბაღი შენდება მეჯვრისხევში და გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე, სადაც მეშენლობა უკვე დასრულებულია და ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს.