დღეის მდგომარეობით, ,,გორმედის“ ქსელში მოქმედ კოვიდკლინიკებში ყველა საწოლი დაკავებულია და ახალი პაციენტების მიღება ხდება მხოლოდ გამოჯანმრთელებულთა გაწერის ხარჯზე, - ამის შესახებ ,,გორმედის“ ქსელის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.
ანდრია მიზანდარის ინფორმაციით, სტაციონარულ პაციენტებში მძიმე შემთხვევების 90% არავაქცინირებულ პირებზე მოდის.
,,ზუსტად 1 წელი შესრულდა, რაც ,,გორმედის“ ქსელის 3 კლინიკა ჩართულია კოვიდინფიცირებული პაციენტების სტაციონარულ მართვაში. სამედიცინო ქსელმა გამოძებნა რესურსები და კოვიდინფიცირებული პაციენტების მისაღებად გორში, ქარელსა და ხაშურში 250-მდე საწოლის მობილიზება მოახდინა.
წლის განმავლობაში, ,,გორმედმა“ 40 000-მდე კოვიდინფიცირებული პაციენტი მართა, მათგან 34 000 იმართა ბინაზე, ხოლო 4 300 პაციენტის სტაციონარიზაცია მოხდა ჩვენს კლინიკებში. რაც შეეხება 34 000 არასტაციონარულ პაციენტს, ჩატარდა 86 000 კვლევა (როგორც ინსტრუმენტული, ასევე ლაბორატორიული)“, - განაცხადა ,,გორმედის“ გენერალურმა დირექტორმა.
მიზანდარის განცხადებით, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ამჟამად კლინიკებს ბევრად უფრო გართულებული მდგომარეობით მიმართავენ პაციენტები.
,,თუ შევადარებთ ამჟამად არსებულ მდგომარეობას გასული წლის იგივე პერიოდთან, გეტყვით, რომ გაცილებით მძიმე კონტიგენტი შემოდის სტაციონარში, ვიდრე 2020 წლის იგივე პერიოდში. შესაბამისად, სტაციონარში დაყოვნების პერიოდიც უფრო ხანგრძლივია და სამედიცინო პერსონალს მეტი ძალისხმევა სჭირდება მათი მკურნალობისთვის. დღეის მდგომარეობით, ,,გორმედის“ ქსელში მოქმედ კოვიდკლინიკებში ყველა საწოლი დაკავებულია და ახალი პაციენტების მიღება ხდება მხოლოდ გამოჯანმრთელებულთა გაწერის ხარჯზე.
დიდი იმედი გვქონდა, რომ ვაქცინაცია პანდემიის მასშტაბებს შეამცირებდა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, აცრაზე მომართვიანობა მკვეთრად შემცირდა. ჩვენს ქსელში, მთლიანობაში, აიცრა 25 000 პირი, განსაკუთრებული აქტიურობა ფიქსირდებოდა აგვისტო-სექტემბერში და სწორედ ეს გვაიმედებდა, რომ ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდებოდა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, აცრის მსურველთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო და ვფიქრობ, აჟამინდელი რთული სურათის მიზეზიც სწორედ ეს არის. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ მძიმე პაციენტების 90% მოდის არავაქცინირებულ პირებზე“, - განაცხადა ანდრია მიზანდარმა.