საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტის სისტემა ამოქმედდება. როგორც ცნობილია, მომავალი თვიდან მოქალაქეები მხოლოდ აღნიშნული დოკუმენტით შეძლებენ შესვლას ცალკეულ დაწესებულებებში, კერძოდ, კვების ობიექტებში, რესტორნებში, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში, ასევე, სამთო კურორტების საბაგირო გზებზე.
რას ითვალისწინებს მწვანე სტატუსი და სად უნდა ავიღოთ აღნიშნული დოკუმენტი - უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში მწვანე პასპორტი ნიშნავს ორჯერად ვაქცინაციას, 72-საათიან PCR ტესტს, 24-საათიან ანტიგენ ტესტს ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებას.
მწვანე პასპორტი - ეს სპეციალური QR-კოდიანი ფურცელია, რომელიც ავლენს, რომ ადამიანი მის გარშემო მყოფთათვის კოვიდუსაფრთხოა. როგორც ცნობილია, მწვანე საშვს/პასპორტს არ მოგვთხოვენ ისეთ ადგილებში, სადაც ჩვენი ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგალითად, კლინიკაში შესვლისას ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლისას, არც მაღაზიაში პროდუქტის ყიდვისას. ეს დოკუმენტი დასჭირდება 18 წლის ზევით ყველა მოქალაქეს, თუ თავშეყრის ისეთ ადგილებში უნდათ მოხვედრა, სადაც გადაუდებელ სერვისებს არ სთავაზობენ, მაგალითად, კაფეში, კინოში, მუზეუმში, ფიტნესკლუბში.
სად უნდა ავიღოთ მწვანე პასპორტი? - მწვანე საშვს/პასპორტს გასცემს ყველა ის დაწესებულება, რომელიც ატარებს ტესტირებას და აცრას, ასევე, იუსტიციის სახლი. ამასთან, როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რამდენიმე დღეში ამუშავდება აპლიკაცია, რომელიც ციფრულად დაადასტურებს ან უარყოფს პირის მწვანე სტატუსს. ცნობისთვის, ამჟამად ასევე ფუნქციონირებს ვებგვერდი - covidpass.moh.gov.ge, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია პირადი მონაცემების შეყვანის შემდეგ თავისი სტატუსის გადამოწმება.
რაც შეეხება დოკუმენტის ვადას, გეტყვით, რომ აცრილი პირების მწვანე სტატუსი საიტზე იმავე წუთებში აისახება, ხოლო აუცრელებისთვის, PCR ტესტის მეშვეობით ავტომატურად იღებთ მწვანე სტატუსს, 72 საათის განმავლობაში, ცნობას კი გაძლევთ ლაბორატორია კოვიდუარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ასევეა 24 საათის განმავლობაში სწრაფი ტესტის შემთხვევაში.
იმ შემთხვევაში, თუ არსებულ რეგულაციას დაარღვევთ მოქალაქე 2 ათასი ლარით, კომპანია კი, 10 ათასი ლარით დაჯარიმდება.
ცნობისთვის, მწვანე საშვის - QR-კოდიანი ფურცლის აღება უფასოა, ისევე როგორც ვაქცინაცია, თუმცა PCR ან სწრაფი ტესტის გაკეთება საკუთარი ხარჯებით მოგიწევთ.