გორის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა კოვიდპანდემიის პირობებშიც აქტიურად მიმდინარეობს. გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საბავშვო ბაღებზე გაზრდილი მოთხოვნა დააკმაყოფილოს და პატარებს სრულფასოვან სასწავლო გარემოში აღზრდის შესაძლებლობა მიეცეთ.
როგორც თამაზ შიოშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე, გორის მუნიციპალიტეტში 4 სააღმზრდელო დაწესებულება შენდება - აქედან ერთი ქალაქში, სამი კი სოფლებში.
„სულ მალე, გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე გვექნება ახალი საბავშვო ბაღი, რომლის მშენებლობაც კოვიდპანდემიის პირობებშიც აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში შენდება 180 ბავშვზე გათვლილი ორსართულიანი შენობა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. მოეწყობა საკუჭნაო, გასახდელები, კვების წერტილი, ასევე ბაგა-ბაღის ეზო და სათამაშო მოედანი - ამ ყველაფრისთვის, დაახლოებით, 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯება.
აქტიურად მიმდინარეობს 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მეჯვრისხევშიც, რომელიც, მოგეხსენებათ, ჩვეენს მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი დიდი სოფელია. რეაბილიტაცია უტარდება ხელთუბნის საბავშვო ბაღსაც და მიუხედავად იმისა, რომ ახალი შენობა არ შენდება, იმდენად სრულფასოვანი სამუშაოები სრულდება, რომ აქ მცხოვრები პატარები უმაღლესი დონის დაწესებულებაში მიიღებენ სკოლამდელ აღზრდას“, - აღნიშნა თამაზ შიოშვილმა.
რაც შეეხება მეოთხე დაწესებულებას, სადაც რეაბილიტაციის პროცესი უკვე დასრულდა, მერის მოადგილის თქმით, მხოლოდ რბილი ავეჯისა და ინვენტარის შეტანა რჩება სკრის საბავშვო ბაღში იმისთვის, რომ დაწესებულებამ პატარების მიღება შეძლოს.