საზოგადოება
10.11.2021 11:01
როგორ მიიღებენ 200-ლარიან დანამატს 60 წელს გადაცილებული ის პირები, ვინც კოვიდსაწინააღდეგო ვაქცინით 31 დეკემბრის ჩათვლით აიცრება

60 წელს გადაცილებული მოქალაქეები, ვინც დღეიდან მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, პირველ კოვიდსაწინააღმდეგო აცრას გაიკეთებენ, ერთჯერადად, 200-ლარიან დანამატს მიიღებენ, - აღნიშნული გადაწყვეტილება  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

გუშინ არ გაკეთებულა განმარტებები, თუ როგორ მოხდება აცრილი პირების იდენტიფიცირება, ან მათ ანგარიშზე თანხის დარიცხვა. ამასთან, საინტერესოა, როგორ მიიღებენ კუთვნილ თანხას ის მოქალაქეები, ვისაც საბანკო ანგარიში არ აქვს. GMnews-მა სოციალური მომსახურების სააგენტოში მოიძია ინფორმაცია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და გთავაზობთ განმარტებას - თანხის მიღების მექანიზმი ასეთია – საინფორმაციო ტექნოლოგიების სააგენტო სოციალური მომსახურების სააგენტოს აცრილების ბაზას ყოველი თვის პირველ და 15 რიცხვში მიაწვდის. სააგენტო კი, აღნიშნული რიცხვიდან ხუთი დღის განმავლობაში განახორციელებს 200 ლარის დარიცხვას. თანხა მოქალაქეებს მათ საპენსიო ანგარიშზე დაერიცხებათ. რაც შეეხება 60 წელს გადაცილებულ მამაკაცებს (რადგან საქართველოში მამაკაცის საპენსიო ასაკი 65 წლიდან იწყება, ვინც არ არის პენსიის მიმღები და ამავდროულად არც საბანკო ანგარიში აქვთ), სოციალური მომსახურების სააგენტო „ლიბერთი ბანკთან“ არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, ანგარიშებს თავად გაუხსნის. უწყების ცნობით, ანგარიშის გახსნა ბაზების მიღებიდან, ანუ ყოველი თვის პირველი და 15 რიცხვიდან ხუთი დღის განმავლობაში მოხდება და ეს ადამიანები თანხებს სწორედ ამ ხუთი დღის ვადაში მიიღებენ. ამისთვის მათ ყოველი თვის პირველი და 15 რიცხვიდან ხუთი სამუშაო დღის შემდეგ პირადობის მოწმობით უნდა მიმართონ „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალს, სადაც მათ უკვე დახვდებათ გახსნილი ანგარიში, საიდანაც თანხის ხელზე გატანას შეძლებენ.

აქვე გეტყვით, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ეს იქნება სოციალური ანგარიში, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს არც ანგარიშის გახსნის, არც თანხის განაღდების და არც სხვა არანაირ სერვისში საკომისიოს გადახდა არ დაეკისრებათ.

ცნობისთვის, გუშინ საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს 60 წელს გადაცილებული თითოეული მოქალაქე, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე პერიოდში ჩაიტარებს. როგორც ცნობილია, დანამატს მხოლოდ ის პირები მიიღებენ, ვისაც დღემდე არც ერთი დოზა ვაქცინა არ აქვთ გაკეთებული და პირველ აცრას ახლა იტარებენ. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, ვინც აცრას დეკემბრის ბოლო რიცხვებში ჩაიტარეს, დანამატს 2022 წლის პირველ დღეებში, გაწერილ ვადებში მიიღებს.

კვირის ამბები