საზოგადოება
09.11.2021 15:09
ე.წ. ბუსტერ დოზების გამოყენება ქვეყანაში ხვალიდან დაიწყება - მესამე აცრის გაკეთება 18 წლის ზემოთ ნებისმიერ პირს შეეძლება

ე.წ. ბუსტერ დოზების გამოყენება ქვეყანაში ხვალიდან დაიწყება და ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა 18 წლის ზემოთ ნებისმიერ პირს შეეძლება, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გაბუნიას თქმით, 60 წლის ზემოთ პირებს, რომლებიც აცრილები არიან „სინოვაკით“ და „სინოფარმით“, ბუსტერ დოზის მიღება შეუძლიათ არა ექვსი თვის შემდეგ, არამედ მეორე აცრიდან სამი თვიდან ექვსი თვის ინტერვალში.

„ბუსტერ დოზის გამოყენება შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც აცრილია ნებისმიერი ვაქცინით. ამ შემთხვევაში, პირს, რომელიც აცრილია „სინოფარმის“ და სინოვაკის“ ვაქცინით, შეუძლია გამოიყენოს „სინოფარმის“ ან „სინოვაკის“ ვაქცინა ბუსტერ დოზისთვის, ან გაიკეთოს „ფაიზერის“ დოზა. „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, ექვსი თვის შემდეგ პირს დამატებით შეუძლია გაიკეთოს „ფაიზერით“ ბუსტერ დოზა. რაც შეხებათ „ფაიზერით“ ვაქცინირებულ პირებს, მათთვის ბუნებრივია, რეკომენდებულია მეორე აცრიდან 6 თვეში „ფაიზერის“ დოზის გამოყენება.

აქვე დავაზუსტებ, რომ 60 წლის ზემოთ პირებს, რომლებიც აცრილები არიან „სინოვაკით“ და „სინოფარმით“, ბუსტერ დოზის გამოყენება შეუძლიათ არა ექვსი თვის შემდეგ, არამედ მეორე აცრიდან სამი თვიდან ექვსი თვის ინტერვალში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აქვე გეტყვით, რომ იმუნიზაციის საბჭომ, დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში შემავალი ბავშვების ვაქცინაციას „ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზით.

კვირის ამბები