საზოგადოება
09.11.2021 11:37
უკანონო თევზჭერის მიმართულებით კანონმდებლობა მკაცრდება
უკანონო თევზჭერის მიმართულებით კანონმდებლობა მკაცრდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შედის ცვლილებები, რომელთა შედეგი უკანონო თევზჭერის აღკვეთა და პრევენცია იქნება. ახალი რედაქციით ყალიბდება სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლი (უკანონო თევზჭერა).
„ცვლილების მიზანია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით განხორციელებული თევზჭერა პირდაპირ დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლებრივ დანაშაულად. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამგვარი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულს მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოადგენს, როდესაც პირი ასეთივე დარღვევისთვის ადმინისტრაციულად სახდელდადებულია, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვების შედეგად სახეზეა მნიშვნელოვანი ზიანი ან ამგვარი თევზჭერა ჩადენილია აკრძალულ დროს ან აკრძალულ ადგილას. მხოლოდ ამგვარი ქმედებით სისხლის სამართლებრივ დანაშაულად დაკვალიფიცირება ვერ უზრუნველყოფს შემაკავებელ ეფექტს და საჭიროებს გამკაცრებას, გამომდინარე მისი ქმედების სიმძიმიდან“, აცხადებენ ეკოლოგები.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილების თანახმად, სამართალდარღვევი პირისთვის იზრდება როგორც დასაკისრებელი ფინანსური სანქციები, ასევე, სასჯელის ერთ-ერთ ფორმად ემატება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაც, რომელიც ჩაანაცვლებს ჯარიმას და გამასწორებელ სამუშაოს. დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე კი, დამნაშავეს ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება.
კვირის ამბები