ხეზე მუშაობის მიმართ ბავშვობის სიყვარულის რეალიზება მაშინ შეძლო, როცა უკვე საკუთარი შვილები ჰყავდა და მათთვის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების დამზადება გადაწყვიტა. უფრო ადრე კი, სკოლის დამთავრების შემდეგ, სამხატვრო აკადემიისკენ უწევდა გული, თუმცა, პროფესიული არჩევანი იურისტობაზე შეაჩერა. ახლა კი, უკვე პრაქტიკოსი იურისტი, ბავშვობის იდეებს მეგობართან ერთად ახორციელებს.
სოსო ბაინდურაშვილის ნამუშევრები ორიგინალური, დახვეწილი, ძალიან სადა და ეკოლოგიურად სუფთაა. ყველა დეტალი ხით იქმნება. წიფელი, მუხა და ფიჭვი ფერთა განსხვავებულ და ბუნებრივ გამას ქმნის, თუმცა, სათამაშოების გარდა, woodland-ი სხვა ნაკეთობებსაც ამზადებს ხისგან.
ნაკეთობების ჩაბარება გორის არაერთ მაღაზიაში სცადეს, თუმცა, ყველამ უარი განაცხადა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, რომ საკუთარი მაღაზია გაეხსნათ.
,,ბავშვობის ასაკიდან მიყვარდა ხეზე მუშაობა და ხატვა. სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებას ვგეგმავდი, თუმცა, ბოლო მომენტში გადავწყვიტე იურისტობა.
რაც შეეხება ხის ნაკეთობების წარმოებას, სერიოზულად ფიქრი შარშან დავიწყე. თავდაპირველად, მხოლოდ ჩემი პატარებისთვის ვაკეთებდი სათამაშოებს, შემდეგ კი, მე და ჩემმა მეგობარმა გიორგი ედიშერაშვილმა, რომელიც ფინანსისტია, გადავწყვიტეთ, ხის სათამაშოების მაღაზია გაგვეკეთებინა. დავწერეთ პროექტი ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, მოვიპოვეთ მცირედი დაფინანსება, დავამატეთ საკუთარი ფინანსური რესურსიც და სახლში გავაკეთე პატარა საამქრო. ხის სათამაშოებს და სხვა ნაკეთობებს ჩემი ძირითადი სამსახურის დასრულების შემდეგ, საღამოს საათებში ვამზადებ. დიზაინს, ესკიზს და სათამაშოებს თავად ვქმნი დამოუკიდებლად, თუ მოთხოვნა დიდია, დამზადებაში ჩემი მეგობარი და ოჯახის ერთი წევრი მეხმარება.
გამოფენაშიც მივიღეთ მონაწილეობა და ჩვენმა ნამუშევრებმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
რაც შეეხება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანს - მასალას, ხეს, თბილისში ვიძენთ. ძირითადად, წიფელს, მუხას და ფიჭვს ვიყენებთ. საღებავად კი - გუაშს და წყლის გერმანულ ლაქს, ასევე - ცვილს. ყველა ეს მასალა უვნებელია პატარებისთვის. აღნიშნულის გარდა, ძირითადად, ვცდილობთ, ფერების განსხვავებას სხვადასხვა ჯიშის ხის გამოყენებით მივაღწიოთ. გორის არცერთმა მაღაზიამ არ ჩაიბარა ჩვენი ნაკეთობები, ვერ იგებენ, როგორ იწამლებიან ჩვენი პატარები უხარისხო და ეკოლოგიურად მავნე გაურკვეველი წარმომავლობის სათამაშოებით.
რაც შეეხება ჩემი და ჩემი მეგობრის პროფესიას, მე ისევ იურისტი ვარ გიორგი - კვლავ ფინანსისტი, თუმცა, დიდი სიამოვნებით გადავერთვებოდი მთლიანად ხის წარმოებაზე, სიამოვნების მომნიჭებელია როცა ხეზე მუშაობ და კარგ შედეგს იღებ“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას სოსო ბაინდურაშვილმა.