საზოგადოება
09.11.2021 10:35
გაერთიანებული სამეფო „სინოვაკის“, „სინოფარმის“ და „კოვაქსინის“ ვაქცინით აცრილ პირებს შეზღუდვის გარეშე მიიღებს
გაერთიანებულ სამეფოში ჩინური ვაქცინებით - „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“, ასევე ინდური „კოვაქსინით“ ვაქცინირებულ მგზავრებს შეზღუდვების გარეშე მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ცვლილება ძალაში 22 ნოემბრიდან შევა და „სინოვაკით“, „სინოფარმითა“ და „კოვაქსინით“ სრულად ვაქცინირებული მოქალაქეებს აღარ მოუწევთ გაერთიანებულ სამეფოში გამგზავრებამდე და საზღვრის გადაკვეთიდან მე-8 დღეს კოვიდ ტესტის ჩატარება, ასევე კარანტინის გავლა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული რეგულაცია გაერთიანებულ სამეფოში ამ დროისთვის, მხოლოდ „ფაიზერის“, „ასტრაზენეკას“, „მოდერნასა“ და „ჯენსენის“ ვაქცინებით ვაქცინირებულ მგზავრებზე მოქმედებს.
გარდა ამისა, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მოგზაურობის წესებს 18 წლამდე ასაკის პირებისთვისაც ამარტივებს. როგორც ცნობილია, არასრულწლოვნები, მიუხედავად იმისა, ვაქცინირებულები არიან თუ არა, ისეთივე პრივილეგიებით ისარგებლებენ, როგორც სრულად ვაქცინირებული მოქალაქეები და გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლის შემთხვევაში კარანტინის გავლა არ მოუწევთ.
კვირის ამბები