08.11.2021 18:32
გორის სამხედრო ჰოსპიტალი ნებისმიერი პაციენტის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მისაღებად მზად არის - ჰოსპიტლის დირექტორი
არაოფიციალური წყაროებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მეთორმეტე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, შესაძლოა, თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადმოიყვანონ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ გაკეთებულა ოფიციალური განაცხადი არც ერთი უწყების მხრიდან. გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის, მალხაზ ურთქმელიძის თქმით, კლინიკა ნებისმიერი პაციენტის, მათ შორის, საქართველოს მესამე პრეზიდენის მისაღებად მზად არის, თუმცა, ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია სააკაშვილის შესაძლო გადმოყვანასთან დაკავშირებით.
„მზადყოფნაში ვართ. ჯერ არავითარი ვერტმფრენი არ მოსულა. არ მიგვიღია ინფორმაცია, რომ აქ გადმოჰყავთ. შესაძლებლობა ყველაფრის არის, მაგრამ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქ უნდა მოიყვანონ პაციენტი, არ გამაჩნია. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ნებისმიერი პაციენტის მიღებაზე, მათ შორის, სააკაშვილის, თუ ეს საჭირო იქნება. ჩვენ გახლავართ ჰიბრიდული კლინიკა. ყველანაირი პროფილია კლინიკაში, შესაბამისად, შეგვიძლია ნებისმიერი სახის პაციენტის მიღება. ტექნიკურადაც აღჭურვილი ვართ“, - განაცხადა ურთქმელიძემ.
ინფორმაციისთვის, გეტყვით, რომ ამ დროისთვის გორის სამხედრო ჰისპიტლის ტერიტორიაზე დამატებითი ძალების მობილიზება ან უსაფრთხოების ზომების გაძლიერების ღინისძიებები არ შეინიშნება.