უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან საქართველოში „მწვანე პასპორტები“ ამოქმედდება.
როგორც პრემიერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები სხვადასხვა ობიექტზე შესვლას მხოლოდ მწვანე პასპორტის წარდგენისას შეძლებენ.
GMnews გთვაზობთ იმ ობიექტების ჩამონათვალს, სადაც მოქალაქეებს მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ წარდგენის შემთხვევაში შეეძლებათ შესვლა.
„მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების-საბაგირო გზებზე. ამასთან, აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიან ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.