საზოგადოება
08.11.2021 14:19
1-ლი დეკემბრიდან საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტები ამოქმედდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან მწვანე პასპორტები ამოქმედდება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აცნობა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ქვეყანაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და სავალდებულო არ გახდება.

„პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიან ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. აქვე მინდა განმარტება გავაკეთო, რომ იყო მოსაზრება კოვიდგადატანილებზე ყოფილიყო 6-თვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს რეკომენდაცია მოგვეხსნა და საბჭომ გაიზიარა ჩემი წინადადება. ამიტომ, მწვანე სტატუსი ექნება პირს, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი. მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვისა და ტურისტებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები სხვადასხვა ობიექტზე შესვლას მხოლოდ მწვანე პასპორტის წარდგენისას შეძლებენ, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე გავრცელდება და არა იქ მომუშავე ადამიანებზე.

კვირის ამბები