საზოგადოება
08.11.2021 13:26
გორის მუნციპალიტეტის საბავშვო ბაღების 5 ჯგუფი თვითიზოლაციაშია, დროებით არ ფუნქციონირებს 9 საბავშვო ბაღი - სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი
კოვიდინფექციის დადასტურების გამო, გორის მუნციპალიტეტის საბავშვო ბაღების 5 ჯგუფი თვითიზოლაციაშია, დროებით არ ფუნქციონირებს გორის მეჩვიდმეტე, მეექვსე, მეშვიდე, ორთაშენის, კარალეთის მეორე, ვარიანის, სვენეთის, შავშვების პირველი და ქვახვრელის საბავშვო ბაღი - აღნიშნულის შესახებ GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა განუცხადა.
ლია კოვზიაშვილის თქმით, ამ დრომდე სასწავლო პროცესი შეჩერებული იყო გორის მეორე საბავშვო ბაღშიც, თუმცა, აღნიშნულ დაწესებულებაში თვითიზოლაციის ვადა ამოიწურა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე, სწავლის განახლების რეკომენდაცია მიეცათ.
,,მოგეხსენებთ, უსაფრთხოების მიზნით, ინტენსიურად მიმდინარეობს სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულების პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე. სწორედ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში გამოვლინდა ზემოაღნიშნული შემთხვევებიც, რაც შეეხება სწავლის განახლებას, საკითხი თითოეული ჯგუფის/სასწავლო დაწესებულების შემთხვევაში ინდივიდუალურად განიხილება და გადაწყვეტილებას ყოველთვის ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე ვიღებთ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ 12 დღიანი საიზოლაციო ვადა ზეგ იწურება მეშვიდე, ორთაშენის და კარალეთის მეორე საბავშვო ბაღებში, შესაბამისად, 10 ნოემბერს ამ დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი განახლდება“, - განაცხადა ლია კოვზიაშვილმა.
კვირის ამბები