სამართალი
08.11.2021 12:51
ტომას კენედის მკვლელობის და დანაშულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი გორში 17 ნოემბრისთვის გადაიდო

უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობის და დანაშულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი გორში დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა 17 ნოემბრისთვის გადაიდო. ერთ-ერთი ბრალდებულის, ვასილ ოქროპირიძის ადვოკატის, თამარ თედლიაშვილის ინფორმაციით, გამოძიების ვადის გაგრძელების გამო, წინასასამართლო სხდომა 8 ნოემბრის ნაცვლად 17 ნოემბრისთვის ჩაინიშნა.

გორის რაიონულმა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 12 ოქტომბერს შეუფარდა. შეგახსენებთ, მოკლული ტომას კენედის ცხედარი მდინარე მტკვარმა სოფელ ქვახვრელთან 7 ოქტომბერს გამორიყა. შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გორში, 7 ოქტომბერს მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 5 პირი 10 ოქტომბერს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის 3 პირი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.

დაკავებულების ადვოკატების ინფორმაციით, ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

უცხო ქვეყნის მოქალაქის, 1993 წელს დაბადებული ტომას კენედის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

კვირის ამბები