საზოგადოება
08.11.2021 12:50
რა შეღავათების დაწესებას გეგმავს გორის მუნიციპალიტეტის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეებისთვის

გორის მუნიციპალიტეტის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაზე მგზავრთა გარკვეული კატეგორიისთვის სოციალური შეღავათების დაწესებას გეგმავს, - ამის შესახებ „გორის მაცნეს“ მერიის ეკონომიკური სამსახურის ტრანსპორტისა და გარე რეკლამის რეგულირების განყოფილების ხელმძღვანელმა, თამაზ სანდოძემ განუცხადა.

სანდოძის ინფორმაციით, საკითხი დამუშავებულია და იურიდიულ განყოფილებას გადაეცა.

„გორის მუნიციპალიტეტის მერია დიდი ხანია მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეთა გარკვეული კატეგორიისთვის შეღავათების დაწესების საკითხზე. ამ ეტაპზე, შემიძლია გითხრათ, რომ პროექტი შემუშავებულია და გადაგზავნილია მერიის იურიდიულ განყოფილებაში, შესაბამისად, ველოდებით იურისტების რეკომენდაციებს და კონკრეტულ დეტალებსაც მოგვიანებით გაცნობებთ“, - აღნიშნა თამაზ სანდოძემ.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, სოციალური შეღავათებით ისარგებლებენ სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, დევნილები და ომის ვეტერანები.

კვირის ამბები