საზოგადოება
08.11.2021 11:42
ოთხის გარდა, გორში, ქალაქის ყველა სკოლა დისტანციური რეჟიმით აგრძელებს სასწავლო პროცესს - რესურსცენტრის დირექტორი

ვირუსული ინფექციის ახალი შემთხვევების დაფიქსირების გამო, დღეიდან, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ქვემდებარე კიდევ რამდენიმე საჯარო სკოლა გადავიდა სწავლების დისტანციურ მოდელზე, - ამის შესახებ ,,გორის მაცნეს“ რესურსცენტრის დირექტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა განუცხადა. ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, ოთხის გარდა, გორში, ქალაქის ყველა სკოლა დისტანციური რეჟიმით აგრძელებს სასწავლო პროცესს.

,,სამწუხაროდ, კვლავ დაფიქსირდა ინფიცირების ახალი შემთხვევები, შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, კიდევ რამდენიმე სკოლა გადავიდა სწავლების დისტანციურ მოდელზე. ამ დროისთვის, გორში, ქალაქის 4 სკოლის გარდა - 1-ლი, მე-4, მე-5 და მე-11 საჯარო სკოლების გარდა, ყველა დანარჩენი სკოლა დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს სასწავლო პროცესს. რაც შეეხება მე-8 საჯარო სკოლას, სადაც დაწყებითი კლასების გარდა ყველა სხვა კლასი დისტანციურ მოდელზე იყო გადასული და დღეიდან უნდა დაბუნებოდა საკლასო ოთახებს, იქიდან გამომდინარე, რომ კვლავ გამოვლინდა კოვიდინფექციის ახალი შემთხვევები, აღნიშნული სკოლაც სრულად გადავიდა დისტანციურ მოდელზე. სასწავლო პროცესი სკოლის გარემოში შეჩერდა მე-6 სკოლაშიც. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის სოფლებს, დისტანციურ სწავლებაზე არსებულ სკოლებს დღეიდან დაემატა ზეღდულეთი და სვენეთი“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

კვირის ამბები