მანდარინის სამშობლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია ითვლება, კეროდ კი - ჩინეთი. უძველეს დროში ამ ნაყოფს მხოლოდ შეძლებული ჩინელები მიირთმევდნენ, დღეს კი იგი თითქმის ყველგან გვხვდება და ყველასთვის ხელმისაწვდომია. მსოფლიო ბაზარზე მისი ძირითადი მომწოდებლები არიან მაროკო, ესპანეთი, არგენტინა და სიცილია.
მანდარინის მთავარ დამახასიათებელ თავისებურებად ითვლება დიდი რაოდენობით С ვიტამინის (ასკორბინის მჟავის) შემცველობა. გარდა ამისა, მანდარინში არის დიდი რაოდენობით პექტინები, გლიკოზიდები, მინერალური მარილები, ვიტამინები D, K, B1, B2 და ეთერზეთები. მასში არსებული ლიმონმჟავის წყალობით კი, მანდარინის რბილობში არ გროვდება ნიტრატები და სხვა მავნე კომპონენტები.
ცოცხალი ციტრუსის გარდა, ძალზე გემრიელი და არომატულია მანდარინის მურაბაც, ერთ-ერთი პოპულარული კი უძველესი რეცეპტით დამზადებული დესერტია.
საჭირო ინგრედიენტები: მანდარინი - 2 კგ; შაქარი - 2 კგ; ლიმონი - 2 ც; წყალი - 1.5 - 2 ლ.
მომზადების წესი: მანდარინი გაარჩიეთ და დაანწევრეთ. თითოეული ლებანი დაჩხვლიტეთ 2-3 ადგილას. ასევე, შეძლებისდაგვარად მოაცილეთ თეთრი გარსი ისე, რომ ლებნები მთელი დარჩეს.
შაქარი და წყალი წამოადუღეთ და მოხარშეთ სიროპი. მდუღარე სიროპში ჩაყარეთ მანდარინი, ხარშეთ 10-15 წუთი. გააციეთ და 4-5 საათის შემდეგ ხელახლა წამოადუღეთ, ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 20-30 წუთის განმავლობაში.
ხარშვის დასრულებამდე 5-10 წუთით ადრე დაამატეთ ლიმონის წვენი.