დღევანდელი მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ონლაინსწავლების რეჟიმზე გადასვლის სურვილი 259 მოსწავლის მშობელმა გამოთქვა, - ამის შესახებ GMnews-ს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განუცხადეს.
როგორც ცნობილია, აღნიშნული მოსწავლეები 5-დან 11 ნოემბრის ჩათვლით, სწავლას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ.
„დღევანდელი მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დისტანციური სწავლების სურვილი 259 მშობელს აქვს დაფიქსირებული. მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, აღნიშნული ოდენობის მოსწავლეები ონლაინსწავლების რეჟიმში მიიღებენ განათლებას. ბუნებრივია, ეს არ ეხება იმ სკოლებს და ცალკეულ კლასებს, სადაც კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, სწავლების დისტანციური მოდელი ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე მოქმედებს ან ამოქმედდება“, - განაცხადა GMnews-სთან საუბრისას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარმა სპეციალისტმა ვერიკო მღებრიშილმა.
შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მშობლებს უფლება აქვთ, შვილის დისტანციურად სწავლების სურვილის შემთხვევაში, შესაბამისი განაცხადი გააკეთონ და ონლაინსწავლება მოითხოვონ.