დეკემბერი-იანვარი კრიტიკული იქნება, პანდემიის მიმდინარეობისას ყველაზე მძიმე ორი თვე გველოდება, რაც შეიძლება საქართველოს ჰქონდეს, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარადოქსული სიტუაციაა, რადგან ინფიცირებულთა მატების ფონზე, ქვეყანაში საგრძნობლად იკლებს ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა.
„სეზონური ინფექციების მატება ნოემბრიდან დაიწყება და პიკს დეკემბერ-იანვარში მიაღწევს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დეკემბერ-იანვარში კორონავირუსთან ერთად სხვა ტიპის ვირუსები გვექნება, მათ შორის გრიპი. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გრიპის ვირუსის მატება გამოიწვევს არამხოლოდ ეპიდვითარების გაუარესებას, არამედ ეს ცუდი იქნება კონკრეტული ადამიანებისთვის. ორი ვირუსით ერთდროულად ინფიცირებისას საავადმყოფოში მოხვედრის, მძიმე მდგომარეობის და გარდაცვალების რისკი მატულობს.
ჩვენ ვამბობთ, რომ დეკემბერი-იანვარი იქნება კრიტიკული, მთელი პანდემიის მიმდინარეობისას, ის იქნება ყველაზე მძიმე ორი თვე, რაც შეიძლება ჰქონდეს საქართველოს. ქვეყანაში პარადოქსული სიტუაციაა. ინფიცირებულთა მატებას, ჩვენ ვპასუხობთ ვაქცინირებული ადამიანების კლებით“, - აღნიშნავს ჩხაიძე.
ჩხაიძე მიიჩნევს, რომ ერთადერთი გამოსავალი გრიპის და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მაქსიმალურად მოცვაა.