საზოგადოება
05.11.2021 11:44
გორის მესამე სკოლას საჩუქრად კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო საშუალებების დამატებითი მარაგი გადაეცა
გორის მესამე საჯარო სკოლას საჩუქრად კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო რესურსები გადაეცა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილესთან, აბელ აბესაძესთან, იაპონიის სრულუფლებიან ელჩთან და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან ერთად მოინახულა.
როგორც ირინა დგებუაძემ აღნიშნა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით, აქტიურად თანამშრომლობს UNICEF-თან. სწორედ აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდმა და იაპონურმა კომპანია „სარაიამ“ სამინისტროს სრულიად უსასყიდლოდ გადასცა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო დამცავი საშუალებები, რომლებსაც საქართველოს ყველა სკოლა დამატებითი მარაგის სახით მიიღებს.
„აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სასწავლო წლის დაწყებამდე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს ყველა საჯარო სკოლა აღიჭურვა პანდემიის მართვისთვის საჭირო ყველა რესურსით. იაპონური კომპანია „სარაიას“ მიერ სამინისტროსთვის გადმოცემული 140 ტონა სადეზინფექციო ხსნარი დამატებითი მხარდაჭერაა დონორი ორგანიზაციის მხრიდან, რაც პანდემიის მართვის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, UNICEF-ი სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პარტნიორი ორგანიზაციაა, რომელიც პანდემიის დაწყებიდან აქტიურად არის ჩართული სკოლებში ვირუსის პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების პროცესში. მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაეროს ბავშვთა ფონდისა და სამინისტროს მიერ ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრები კოვიდ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, შეხვედრებში 3000-მდე მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
კვირის ამბები