საზოგადოება
04.11.2021 23:11
1977 წელს, გორის სამშობიარო სახლიდან გაშვილებული ტყუპი და-ძმა ახლა ვიპოვე, დედა 44 წელი ცხოვრობდა იმ განცდით, რომ შვილები დაეღუპა - გიგა მესხიძე

მინდა მოგიყვეთ ჩემი ოჯახის ამბავი, სასიხარულო, თუმცა, ამავდროულად, ძალიან სევდიანი და დრამატული, - ამგვარად იწყებს სოციალურ ქსელში თხრობას გორელი გიგა მესხიძე, რომელმაც 1977 წელს გაშვილებული ტყუპი და-ძმა ახლახანს იპოვა.

,,მინდა მოგიყვეთ ჩემი ოჯახის ამბავი. სასიხარულო თუმცა ამავ დროულად ძალიან სევდიანი და დრამატული. ამბავი 1977 წელს იწყება, როდესაც დედამ და მამამ იქორწინეს. მალევე გახდა ცნობილი, რომ დედა ფეხმძიმედ იყო. გამომდინარე იქიდან, რომ მაშინ არ არსებობდა არანაირი დიაგნოსტიკური ტექნოლოგია, მშობიარობამდე უცნობი იყო ჩემი მშობლებისათვის ბავშვის სქესი.

1977 წლის 7 ნოემბერს, ორსულობის მე-8 თვეს, დედას დაეწყო ე.წ. ნაადრევი მშობიარობა. მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს გორის სამშობიარო სახლში, სადაც ექიმის დახმარებით წარმატებით იმშობიარა და ტყუპი - ბიჭი და გოგო გააჩინა.

გამომდინარე მშობიარობის ვადიდან, ბავშვები იყვნენ პატარა წონის - 1.600 და 1.800 კგ. სამშობიაროს ,,შიდა განაწესით“ 1977 წელს ახალშობილების და დედის განცალკევება ხდებოდა მათი საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში. განსაკუთრებით მკაცრი იყო წესი რეზუს უარყოფითი სისხლის მქონე მშობიარე დედის მიმართ, მათ ბუნებრივ კვებასაც უკრძალავდნენ ბავშვებისათვის.

ისტორიის ყველაზე ტრაგიკული მომენტი დადგა მშობიარობიდან მე 3 დღეს, როდესაც მას პალატაში ესტუმრა სამშობიარო სახლის ექთანი და შეატყობინა რომ ბიჭი გარდაიცვალა სისუსტის გამო. ხოლო მე 5 დღეს, ისევ ამ ექთანმა ამცნო დედას რომ გოგოც გარდაიცვალა.

არ დავწერ ემოციურ განცდებს, რაც მაშინ ჩემს მშობლებს, ბებია-ბაბუას და ზოგადად, სანათესაოს ქონდათ. რათქმაუნდა (გარდაცვლილი), ბავშვების წაყვანის უფლება ოჯახს არ მისცეს და არც აჩვენეს არავის.

შემდგომი მოვლენების განვითარება ყველასთვის ცნობილია - მშობლებს შეეძინათ ჩემი ძმა 1978 წელს და 1981 წელს - მე.

ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა ჩვენს ოჯახში იმ დრომდე, სანამ საქართველოში ღიად არ დაიწყეს საუბარი სამშობიარო სახლებიდან ჩვილების უკანონო გაყიდვაზე და არ გახდა ცნობილი სქემა, თუ როგორ მოქმედებდნენ ეგრეთწოდებული ექიმები მაშინ დამატებითი შემოსავლისთვის.

იმ დღემდე, როდესაც ერთერთ ჯგუფში ფეისბუქზე არ წავაწყდი განცხადებას შინაარსით: ,,1977 წელს დაბადებული ტყუპი და-ძმა ეძებს ბიოლოგიურ მშობლებს. მათ შესაძლებელია უთხრეს, რომ ბავშვები გარდაიცვალნენ“...

ალბათ ლოგიკური არის, რომ ინფორმაციის დაზუსტებისთვის პოსტის ავტორს შევეხმიანე, რადგან მე ბავშობიდან მქონდა განცდა, რომ ჩვენი ოჯახის ისტორიაში რაღაც არ იყო სწორი. პასუხიც მალე მივიღე და აქ იწყება უკვე სხვა ისტორია, ისტორია დის და ძმის, რომლებიც უკანონოდ იყვნენ გაშვილებულები. ინფორმაციების, ფოტოების გაცვლის შემდეგ უკვე გასაგები იყო, რომ ეს ადამიანები იყვნენ ის ბავშვები, რომლებიც ჩემს მშობლებს 1977 წლის 7 ნოემბერს შეეძინათ და რომლებზეც უთხრეს რომ გარდაიცვალნენ. ბუნებრივია, მხოლოდ ვიზუალურ მსგავსებას, ფაქტების დამთხვევას არ დავჯერდით და ერთობლივად გადავწყვიტეთ ნათესაური კავშირის დასადგენად DNA ტესტის (გენეტიკური ტესტირება წარმომავლობის და ნათესაობის დასადგენად - GMnews) ჩატარება. ტესტი ორ დამოუკიდებელ ლაბორატორიაში ჩატარდა და დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მივიღეთ პასუხი რომ ნათესაური კავშირი 98% არის დადასტურებული.

ვფიქრობ, როგორ დავწერო განცდები, ემოციები, რაც ეხლა ჩვენს ოჯახში ტრიალებს. დედაჩემის მდგომარეობა ავხსნა, რომელიც 44 წელი ცხოვრობდა იმ აზრით, რომ მას უბედურება შეემთხვა და ორი შვილი დაკარგა რომლებიც 8 თვე მუცლად ატარა. მამაჩემის ემოცია იქ, ზეცაში, რომელიც სულ რამოდენიმე თვით ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან ისე, რომ არ უნახავს მისი შვილები. რთულია ტყუპების ემოციები აღვწერო, რომლებიც მთელი შეგნებული ცხოვრება იყვნენ ინფორმირებული, რომ ნაშვილები იყვნენ და დღეს საბოლოოდ გაიგეს მათი რეალური მშობლების შესახებ, ძმების შესახებ. მათი რეალური დაბადების თარიღის და ადგილის შესახებ. მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ოჯახის ახალი წევრები - ლევანი და თეა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ოჯახში.

პს. ნორმალურ სახელმწიფოში, დღეს ის ექიმი და სამედიცინო დაწესებულების ყველა სხვა თანამშრომელი, ვინც ამ სახის დანაშაულს ჩადიოდა, ვფიქრობ, თავისუფლად არ უნდა გადაადგილდებოდეს ქალაქის ქუჩებში, არამედ ყველანი დამსახურებულად უნდა იხდიდნენ სასჯელს ჩადენილი დანაშაულებისათვის, ადამიანების დანგრეული და განადგურებული ბედის გამო. ეს ნორმალურ სახელმწიფოში!!!

სხვა, ალბათ შევძლებთ გასული დროის კომპენსირებას და სრულფასოვანი ურთიერთობის ჩამოყალიბებას ჩემს და-ძმასთან“, - წერს სოციალურ ქსელში გიგა მესხიძე.

როგორც GMnews-ს გიგა მესხიძემ განუცხადა, ტყუპი და-ძმა გაშვილებული იყო ერთ ოჯახში, გაშვილება მოხდა ქარელში, თუმცა, ბავშვები თბილისში იზრდებოდნენ.

კვირის ამბები