გორში არსებული საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები ინგლისური ენის სასწავლო კურსს გაივლიან. საგანმანათლებლო პროექტი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით და გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების მხარდაჭერით ხორციელდება. როგორც ტურიზმის სააგენტოში აცხადებენ, პროექტი საქმიანობის პროცესში მონაწილეებს დაეხმარება და უცხოელ ტურისტებთან კომუნიკაციას გაუადვილებს.
„გორის საჯარო ბიბლიოთეკაში არსებულ „ამერიკის კუთხეში“, მუშაობას შეუდგა სასწავლო ჯგუფი - „ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები ტურიზმის განვითარებისთვის“. მსმენელებს, ძირითადად გორში არსებული საოჯახო სასტუმროს მეპატრონეები წარმოადგენენ. კურსებს კი, საქართველოს თავდაცვის აკადემიის ინგლისური ენის პედაგოგი ნათია გოხელაშვილი უძღვება. პროგრამის მონაწილეებს სამომავლო გეგმები ტურიზმის განყოფილების უფროსმა რობერტ მაღლაკელიძემ გააცნო. რაც შეეხება უშუალოდ პროექტის ორგანიზატორსა და მხარდამჭერს, საგანმანათლებლო პროექტის ოგანიზატორი ამერიკის კუთხის კოორდინატორი ინგა კასრაძე, მხარდამჭერი კი, ბიბლიოთეკების განყოფილებების უფროსი ნანა კარკაძეა,“ - აცხადებენ ტურიზმის სააგენტოში.
ინგლისური ენის სასწავლო კურსი ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.