საზოგადოება
04.11.2021 09:39
რისკჯგუფებისთვის კოვიდსაწინააღმდეგო აცრა სავალდებულო გახდეს და ამოქმედდეს კოვიდპასპორტებიც, მიუღებლად მიმაჩნია ჩაკეტვა - საქართველოს პრეზიდენტი

მიუღებლად მიმაჩნია, რომ დავუბრუნდეთ ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვას და ნებისმიერ ჩაკეტვას, მაგრამ მივმართავ ხელისუფლებას, რათა სასწრაფო და მკაცრი ზომები იქნას მიღებული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი მომხრეა, რისკჯგუფებისთვის კოვიდსაწინააღმდეგო აცრა სავალდებულო გახდეს და ამოქმედდეს  კოვიდპასპორტებიც.

,,მივმართავ ხელისუფლებას, რათა სასწრაფო და მკაცრი ზომები იქნას მიღებული - სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის.

მივმართავ მედიას, რათა გადაცემები გახშირდეს ამ მიმართულებით. სამოქალაქო სექტორს - გააქტიურებისკენ და პარტიებს - თავშეკავებისკენ. კიდევ ერთხელ მივმართავ საპატრიარქოს, რომ ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი.

ამის პარალელეურად, ვეწინააღმდეგები და მეტიც - მიუღებლად მიმაჩნია, რომ დავუბრუნდეთ ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვას და ნებისმიერ ჩაკეტვას. მიუღებელია, ვინაიდან ეს დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას და პირველ რიგში მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ისედაც იმყოფება უმძიმესი სოციალური გამოწვევების წინაშე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კვირის ამბები