საზოგადოება
29.11.2019 15:15
79 წლის ნეჟნა ჯოჯიშვილის ლექსში დატეული ლიახვის ხეობის მონატრება და დევნილობაში გალეული დრო

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თერთმეტ წელზე მეტი გავიდა, თუმცა, დევნილები ამბობენ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, საინფორმაციო საშუალებებში მოსმენილი ამბები - ე.წ საზღვრებთან უკანონო დაკავებებსა თუ ბორდერიზაციის ფაქტებზე, ყოველდღიურად თავს გადახდენილ ომის საშინელებებთან აბრუნებთ. ომი კლავს, მაგრამ არ შეუძლია გაანადგუროს მოგონებებიო, ამბობს  79 წლის ნეჟნა ჯოჯიშვილი, რომელიც ლიახვის ხეობის დაკარგვით მოძალებულ სევდას ლექსის წერით იქარვებს. GMnews-ი გთავაზობთ მარტოხელა მოხუცებულის ლექსს, სადაც მშობლიური მხარის მონატრებითა და გულისტკივილით გაჯერებულ სტრიქონებს ამოიკითხავთ.
„1940 წლის 19 ივლისს სოფელ ვანათში დავიბადე. მშობლები კოლმეურნეობის მუშები იყვნენ. 1947 წელს, სასწავლებლად ვანათის საშუალო სკოლის პირველ კლასში შევედი და 1958 წელს სრული კურსი დავამთავრე. სწავლა ოჯახური პირობების გამო არსად გამიგრძელებია. სკოლის დამთავრების დღიდან ფიზიკურად ვმუშაობდი ჯერ კოლმეურნეობაში, შემდეგ კი, საბჭოთა მეურნეობაში (სანამ ის წყობა დაიშლებოდა). შემდეგ დაიწყო ქართულ-ოსური კონფლიქტი. იმ დღიდან მოყოლებული, 2008 წლის აგვისტომდე, ფაქტობრივად, ისედაც ომში ვიყავით. ამჟამად, ვცხოვრობ გორში, ნანეიშვილის ქუჩაზე, ყოფილი ბაგა-ბაღის შენობის ერთ ოთახში. მარტოობაში ვცხოვრობ და ხეობის დაკარგვით მოძალებულ სევდას, ხანდახან, ლექსის წერით ვიქარვებ“, - გვითხრა ნეჟნა ჯოჯიშვილმა.

ლიახვი
ტყვიავის ახლოს, გზის პირას,
ლიახვო, რომ დაგინახე,
ხომ გულიც გამისკდებოდა
ახლოდან რომ არ მენახე.
სვე-დღე გვქონია პატარა
ბედმა უკუღმა გვატარა,
დაგვფანტა დაგაგვაწინწილა
როგორც კრუხი და წიწილა.
ზევიდან მოჭენაობდი
ფაფარაყრილი რაშივით,
სუყველა გეფერებოდით
პატარა, ნაზი ბავშვივით.
შენ ის ლიახვი აღარ ხარ,
იქ რომ მღეროდი რიხითა
ხე, ქვა და ღორღი მოგქონდა
ზათქით და რახი-რუხითა.
ახლა ხარ ღონემიხდილი,
წაგსვლია ფერი და ფური,
ლასლასით ძლივსღა დადიხარ
სახე დაკარგე მეფური.
ასე რამ დაგაბეჩავა,
რამ გაგიტეხა გულია
ლიახვი არა, თუ მკითხავ
უფრო ხარ ნაკადულია.
შენც ხომ ლტოლვილი არა ხარ,
დევნილი შენი სახლიდან,
შენც ხომ ჩვენსავით არ იწყებ
ცხოვრების ათვლას ახლიდან.
შენც ხომ გადინეს ლიახვო
სისხლი, ცრემლი და იარა,
ულმობელ ომის ქარცეცხლმა
შენს გულზეც გადაიარა.
შენც ხომ დაკარგე ლამაზი
მთები, ჭიუხნი, ჭალები,
ჩვენსავით გამოიხურე
ხეობის რკინის კარები.
მოდი და ერთად ვიაროთ
როგორც აქამდე გვივლია,
ოდითგან ჭირი და ლხინი
ხომ ერთად გამოგვივლია.
ნეჟნა ჯოჯიშვილი

კვირის ამბები