დღეს, პანდემიის დაწყებიდან მეორედ, 6 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მდგომარეობა მართლაც კრიტიკულია და რაღაც ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადაიდგას, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძიემ განაცხადა.
ჩხაიძის თქმით, წინ ძალიან მძიმე ზამთარი გველის. მოსალოდნელია სხვა ტიპის რესპირაციული ვირუსული ინფექციების მატება, მათ შორის გრიპის გამოჩენაც.
„სექტემბრის მეორე ნახევრისა და მთელი ოქტომბრის განმავლობაში ყოველდღიურად მცირდება აცრილთა დღიური რაოდენობა. ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების დაცვა როგორც ხორციელდება, ადვილი სანახავია - ნახეთ, რამდენი ადამიანი ატარებს პირბადეს და იცავს სოციალურ დისტანციას - ესეც ფუჭი იმედია. გვრჩება ერთადერთი გამოსავალი - გავიზიაროთ მრავალი ქვეყნის გამოცდილება, რომლებმაც ასეთ ვითარებაში შერჩეულ ჯგუფებში ვაქცინაცია სავალდებულო გახადეს ან აამოქმედეს „მწვანე კოვიდპასპორტები“. წინ ძალიან მძიმე ზამთარი გველის. ველოდებით სხვა ტიპის რესპირაციული ვირუსული ინფექციების მატებას, გრიპის გამოჩენას. ასე რომ, მომდევნო თვეებში მდგომარეობა თავისით ვერ გაუმჯობესდება“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.