რჩევები
03.11.2021 14:14
ჩურჩხელა - როგორ მოვამზადოთ ყველასთვის საყვარელი ნუგბარი
ჩურჩხელა ყველასთვის საყვარელი ნუგბარია, რომლის გარეშეც შემოდგომა წარმოუდგენელია. ეს ერთი შეხედვით მარტივად მოსამზადებელი ტკბილეული თუ გვინდა, რომ გემრიელი და რბილი გამოგვივიდეს, გარკვეული ტექნოლოგიის დაცვაა საჭირო. ყველაზე დიდ თავსატეხს, ამ შემთხვევაში ჩურჩხელებისთვის სირბილის შენარჩუნება ქმნის.
ჩურჩხელა კარგი რომ გამოვიდეს, თათარა საკმარისად სქელი უნდა იყოს. უშუალოდ ჩურჩხელის სისქე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. ზოგს თხელი ჩურჩხელა უყვარს, ამიტომ თათარაში მხოლოდ ერთხელ ავლებს, ხოლო ვისაც სქელი ურჩევნია, 2-ჯერ ან 3-ჯერაც კი შეიძლება ამოავლოს.
 
GMnews დიასახლისების გამოცდილებაზე გეტყვით, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ჩურჩხელების მომზადების დროს.
 
ბადაგი - პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ, რომ ნატურალური ყურძნის წვენი იყოს. მხოლოდ მისგან მომზადებული თათარა თუ ფელამუში იქნება ძალიან გემრიელიც და სასარგებლოც. ამასთანავე, თუ ბადაგს თქვენ ადუღებთ, იმდენ ხანს გააჩეროთ ცეცხლზე, რომ განახევრდეს.
ფქვილი - გამოცდილი დიასახლისები გვირჩევენ, რომ თათარა რუხი ფქვილით მოვამზადოთ. თეთრი ფქვილი უმაღლესი ხარისხისაც რომ იყოს, მაინც თავისებურ გემოს მისცემს, რუხი ფქვილით მომზადებული კი განსაკუთრებულად გემრიელიც არის და თან სირბილესაც დიდხანს ინარჩუნებს. თუ რუხი ფქვილით ჯერ არ მოგიმზადებიათ თათარა, 1/1-ზე დაუმატეთ თეთრი და რუხი. გემო და სტრუქტურა შესამჩნევად განსხვავებული იქნება. თუკი, მაინც თეთრი ფქვილით გადაწყვეტთ მომზადებას, მაშინ ჭიქაზე 1 სკ მჭადის ფქვილი დაუმატეთ. სხვა მეთოდების მსგავსად, ეს მეთოდიც ბევრ წელს ითვლის და როგორც ამბობენ, ამ წესით მომზადებული ჩურჩხელა რბილიც დიდხანს რჩება და გაშრობის დროს არ სკდება.
თაფლი - კიდევ ერთი ხრიკი, რომელიც საკმაოდ გამოცდილია, ბადაგში თაფლის დამატებაა. თათარა რომ მომზადდება, 1 ლ ბადაგზე 1 სკ თაფლი დაუმატეთ.
შენახვა - მას შემდეგ, რაც ყველა წესის დაცვით მოამზადებთ ჩურჩხელებს, შენახვის ჯერი დგება. გამშრალი ჩურჩხელები, ამოვლებიდან დაახლოებით 10 დღის შემდეგ, ნაჭერში შეახვიეთ და ისე შეინახეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩურჩხელებს ჰაერი არ მოხვდეს.
კვირის ამბები