საზოგადოება
03.11.2021 13:07
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების ცენტრი დაფუძნდება

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების ცენტრი დაფუძნდება, - ამის შესახებ ინფორმაციას უმაღლესი სასწავლებელი ავრცელებს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი უნივერსიტეტის ბავშვთა უფლებების ცენტრის ტრენერებს შეხვდა. ონლაინშეხვედრაზე, მონაწილეებმა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები განიხილეს და იმსჯელეს რეგიონის მასშტაბით განსახორციელებელ საჯარო ლექციებისა და დისკუსიების თემატიკაზე.

„ბავშვთა უფლებების ცენტრი დაეხმარება განათლების მომავალ სპეციალისტებს, მშობლებს და დაინტერესებულ საზოგადოებას ბავშვის უფლებების უკეთ გააზრებაში. ცენტრში გაიმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები - ტრენინგები, საჯარო ლექციები და დისკუსიები და შემუშავდება სპეციალური საგანმანათლებლო მასალები ბავშვთა უფლებების შესახებ“, - ნათქვამია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ პროექტი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) დაფინანსებით განხორციელდება, მისი მიზანი კი იქნება ინკლუზიურ და ბავშვთა უფლებებზე ორიენტირებული ცოდნის, დამოკიდებულებებისა და პრაქტიკის დანერგვა შიდა ქართლის რეგიონის მასშტაბით.

კვირის ამბები