საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შიდა ქართლის რეგიონიდან 12 ობიექტი მოხვდა, აქედან ხუთი მათგანი გორის, ერთი - ქარელის, ოთხი - კასპის, ორი კი - ხაშურის მუნიციპალიტეტებიდან.
როგორც ცნობილია, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ყველაანთუბანსა და გაგლოაანთუბანში (ორი ობიექტი) სასტუმრო ინფრასტრუქტურა, მეჯვრისხევსა და ოთარშენში კი, სამრეწველო-სასაწყობე მეურნეობა მოეწყობა. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი რუისი - სამრეწველო-სასაწყობე მეურნეობა; კასპის მუნიციპალიტეტი - სოფელი ქვემო ჭალა - სატბორე მეურნეობა, სოფელი წირნარეხი - სასტუმრო, სოფელი ქვემო ხანდაკი - სატბორე მეურნეობა, კასპი (მაჩაბლი სქუჩის მიმდებარედ) - სამრეწველო-სასაწყობე მეურნეობა; ხაშურის მუნიციპალიტეტი - სოფელ ჩუმათელეთსა და დაბა ახალდაბაში ობიექტები სასტუმროს მოწყობის მიზნით გასხვისდება.
აუქციონზე გასაყიდი ქონების საერთო საწყისი ღირებულება 150 მილიონი ლარია. პროექტის განხორციელების შედეგად 2500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, მოსალოდნელი ინვესტიციის მოცულობა კი, დაახლოებით 200 მლნ ლარი იქნება.
საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა მოიცავს ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და მოიცავს თბილისსა და საქართველოს 45-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტს. საპრივატიზებო ნუსხაშია სამრეწველო ობიექტები, სასაწყობო და სატბორე მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და დეველოპერებისთვის საინტერესო სხვა სახელმწიფო ქონება.