მიუხედავად მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა, რეგულაციების კიდევ ერთხელ შემოღებას არ ვემხრობი, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს. ამასთან, ცერცვაძე ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტის და ვაქცინირებული პირებისთვის გარკვეული პრივილეგიების მინიჭების მომხრეა.
„ველოდები რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრებას. ამაში მე პირადად ვსაყვედურობ ქვეყნის ხელმძღვანელობას, რომ ისინი არასაკმარისად მკაცრად აკონტროლებენ რეგულაციების აღსრულებას. შეზღუდვების გამკაცრებას არ ვემხრობი, რადგან მან გამოიწვია ეკონომიკის რეცესია და ადამიანების ცხოვრების დონის გაუარესება, შესაბამისად, მათი გაღიზიანება, თუმცა, ვემხრობი ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტების შემოღებას. არავინ აიძულებს აიცრას, ეს ადამიანის თავისუფლებაა, მაგრამ შეიძლება არაპირდაპირი მექანიზმები ამოქმედდეს, როგორიც მუშაობს აშშ-სა და ევროპაში. ის, ვინც წარმოადგენს ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტს, რომ ის ორჯერ ვაქცინირებულია, მას მიეცეს პრივილეგიები გარკვეულ სივრცეებში აქტივობისთვის. თუ არ გინდა აცრა, შეეგუე ერთგვარ დისკომფორტს, არავინ გსჯის“, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა.