ამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო კენრა - ქაცვი ძალზე მდიდარია ვიტამინებით: A, B1, B2, C, E, K, P; ფლავონოიდებით, ფოლიუმის მჟავით, კაროტინოიდებით, ბეტაინით, ქოლინით, კუმარინებით, გლუკოზით, ფრუქტოზითა და ფოსფოლიპიდებით. კენკრაში საკმაოდ დიდი რაოდენობით არის მჟავები — ვაშლის, ლიმონის, ყავის, ღვინის; ასევე მდიდარია მთრიმლავი ნივთიერებებით. იგი შეიცავს მაკროელემენტებსა და მიკროელემენტებსაც.
ტოტების ქერქი შეიცავს სეროტონინის მნიშვნელოვან რაოდენობას, რომელიც კარგად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ასევე აფერხებს ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების განვითარებას. ამ მცენარის ფოთლებში დიდი რაოდენობით არის თავმოყრილი ასკორბინის, ოლეანოლისა და ურსოლის მჟავები.
ქაცვს - ნაყოფსაც, ფოთლებსაც, ქერქსაც, მრავალი სამკურნალო თვისება აქვს. ის აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ქსოვილოვან ცვლას, ახასიათებს ანტიოქსიდანტური ქმედება (აბრკოლებს ქსოვილების დაჟანგვას, ანუ დაბერებას).
ქაცვის ნაყოფს მიირთმევენ უმად, აყენებენ წვენს, ხარშავენ მურაბას, კისელს, ასევე ამზადებენ ზეთს, რომელიც არაერთი დაავადების წამალია, მას არც უკუჩვენება აქვს და არც გვერდითი მოვლენები ახასიათებს.
ნაყოფისა და ფოთლების ნაყენი გამოიყენება როგორც თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებაც.