ქარელის მუნიციპალიტეტში, სადაც არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობდა, რეგიონული ტელეკომპანია ,,ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს ქარელის #2 კოვიდ. საარჩევნო უბანზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დაუპირისპირდა. ენმ-ს წევრი გია კურტანიძე კორესპონდენტ ირაკლი კოშაძეს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.
,,ტვ მონიტორინგის“ ხელმძღვანელმა მაია ტატულაშვილმა სამართალდამცავებს მომხდარის ობიექტურად გამოძიებისკენ მოუწოდა.
რაც შეეხება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს, ჟურნალისტის მიმართ ძალადობა დაგმო ნიკოლოზ ახალკაცმაც და განაცხადა, რომ უკვე მიღებულია გადაწყვეტილება და კურტანიძე პარტიიდან გაირიცხება, სამართალდამცავებს კი ენმ-ს მერობის კანდიდატმა მოუწოდა, იმოქმედონ კანონის შესაბამისად და გაატარონ ადეკვატური ღონისძიებები.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და კენჭისყრის შენობაში ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 162-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით. პოლიციის მიერ ბრალდებულის სახით დაკავებულია 1972 წელს დაბადებული გ.კ.