საზოგადოება
30.10.2021 11:27
შიდა ქართლის ორ მუნიციპალიტეტში - ქარელსა და ხაშურში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს შიდა ქართლის ორ მუნიციპალიტეტში - ქარელსა და ხაშურში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ქარელის 33-ე და ხაშურის 35-ე საოლქო კომისიების ინფორმაციით, ხმის მიცემა შეფერხებევბის გარეშე მიმდინარეობს ყველა უბანზე.

ქარელის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებს არჩევანის გაკეთება „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ წევრ ზაზა გულიაშვილს და  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ნიკოლოზ ახალკაცს შორის მოუწევთ.

რაც შეეხება ხაშურს, ერთმანეთს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იოსებ ბუაძე და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი  თენგიზ ჩიტიაშვილი უპირისპირდებიან.

რაც შეეხება შიდა ქართლის კიდევ ორ მუნიციპალიტეტს, არჩევნების პირველივე ტურში გორში მმართველი გუნდის კანდიდატმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, კასპში კი, ასევე ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელმა ვახტანგ მაისურაძემ გაიმარჯვეს.

დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემის პროცედურა კი 08:00 საათზე დაიწყო. მეორე ტურში 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერებს აირჩევენ. 24 საარჩევნო ოლქში კი, საკრებულოების 42 მაჟორიტარი წევრია ასარჩევი.

როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად - 50%-იანი საარჩევნო ბარიერი, ხოლო საკრებულოების მაჟორიტარი წევრებისთვის 40%-იანი ბარიერი იყო დადგენილი, რის გამოც 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, რიგ ქალაქებსა და საარჩევნო ოლქებში მეორე ტურების ჩატარების აუცილებლობა შექმნა.

არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ძირითადად ,,ქართული ოცნებისა“ და ,,ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები უპირისპირდებიან. მეორე ტურში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც კონკურენტზე მეტ ხმას მოიპოვებს.

მერის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების მეორე ტური ხუთ თვითმმართველ ქალაქში ტარდება: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი.

მეორე ტური იმართება 15 თვითმმართველ თემშიც: თელავი, თიანეთი, ქარელი, ხაშური, ცაგერი, ბაღდათი, წყალტუბო, ოზურგეთი, სენაკი, მარტვილი, ხობი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ხელვაჩაური.

კვირის ამბები