საზოგადოება
29.10.2021 13:11
რა ოდენობის ჯარიმა დაეკისრებათ მოქალაქეებს ტაქსში და კერძო ავტომობილში მოწევისას

ტაქსებში და კერძო ავტომობილებში თამბაქოს მოხმარება შესაძლოა, აიკრძალოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მომზადდა, რომლის განხილვაც პარლამენტში სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ დაიწყება.

პროექტის მიხედვით კანონდამრღვევი ტაქსის მძღოლები 200 ლარით, მგზავრები კი 100 ლარით დაჯარიმდებიან. რაც შეეხება კერძო ავტომობილებს, აქ პირველადი ჯარიმა ყველასათვის 100 ლარით არის განსაზღვრული.

,,გასულ წელს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ მოსახლეობის 86% უჭერს მხარს ტაქსში მოწევის აკრძალვას. მათ შორის, არიან მწეველებიც. ყველამ იცის, რომ თამბაქოს კვამლში ათასობით სხვადასხვა ნივთიერებაა, მათ შორის, 250 ტოქსინია, 70 კანცეროგენები, კიბოს გამომწვევი აგენტებია. ეს ყველაფერი გროვდება ტაქსის პატარა კაბინაში. ნებისმიერი ადამიანი ამის შემდეგ, არა მხოლოდ მეორეული მწეველობის მსხვერპლია, არამედ დალექილი ტოქსინებისაც“, - აცხადებს „თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ხელმძღვანელი, გიორგი ბახტურიძე.

რაც შეეხება კერძო ავტომობილებს, აქ აკრძალვა მხოლოდ ბავშვის მგზავრობის შემთხვევაში მოხდება. საჯარო სანქცია მძღოლზე იქნება ისეთივე სახით, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში, რადგან მგზავრთან შედარებით მას მეტი ბერკეტი აქვს. ჯარიმა მძღოლის შემთხვევაში 200 ლარია, ფიზიკური პირის - მგზავრისთვის კი 100 ლარი.

რაც შეეხება კერძო ავტომობილში მოწევის შემთხვევას, აქ მხოლოდ მწეველზე მოდის სანქცია და ის 100 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში 200 ლარით, ყოველი მომდევნო ჯარიმა კი 300 ლარია. ადმინისტრირების ორგანო კვლავ საპატრულო პოლიციაა. დაჯარიმება კი, მოხდება როგორც უკონტაქტო კამერებით ასევე ეკიპაჟების მიერ.

კვირის ამბები