177 დიდი ციფრია თეატრის ისტორიისთვის, ამიტომ, ჩემთვის ვალდებულებასავითაა, მაყურებელს არ მოვაკლო ემოციური სიამოვნება - დავით ჩხარტიშვილი
ხვალ, 29 ოქტომბერს, გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი რამდენიმეთვიანი განშორების შემდეგ, მაყურებელს ისევ დაუბრუნდება და შემოქმედებითი სეზონის ათვლას ასსამოცდამეჩვიდმეტედ დაიწყებს. რაც შეეხება წარმოდგენას, რომელსაც გორის თეატრი სასცენო ხელოვნებისმოყვარულებს შესთავაზებს, სხვადასხვა ფესტივალებზე და კონკურსებზე დაჯილდოებული სპექტაკლი ,,შეცვალეა“ (რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი).
გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით ჩხარტიშვილის თქმით, თეატრის შემოქმედებითი კოლექტივი მიმდინარე სეზონზეც მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ გზა, რომლითაც ერისთავის თეატრი სხვა რეგიონული თეატრებისგან გამოირჩევა, წარმატებით გაგრძელდეს.
„ალბათ ხვდებით, რამხელა პასუხისმგებლობაა, როცა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იმ რეგიონში, იმ ქალაქში ხარ, სადაც დედაქალაქზე გაცილებით ადრე იყო პირველი ცდები ქართული თეატრის ჩამოყალიბებისა. 177 დიდი ციფრია თეატრის ისტორიისთვის, ამიტომ, ჩემთვის ვალდებულებასავითაა, მაყურებელს არ მოვაკლოთ ის ემოციური სიამოვნება, რომელიც შეიძლება ითქვას, მოთხოვნად გადაიქცა. რაც შეეხება გეგმებს, რომელიც მიმდინარე სეზონისთვის გვაქვს გაწერილი, გეტყვით, რომ სცენაზე „ვენეციელ ვაჭარს“ და ტრილოგიის - „ვაჟიშვილი“ მეორე ნაწილს, „მამას“ დავდგამთ, თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ვგეგმავთ, ერისთავის სახელობის თეატრის შესახებ წიგნის გამოცემას და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ასეთი ისტორიული წიგნი ჯერ არ გამოსულა“, - აღნიშნა დავით ჩხარტიშვილმა.
გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა GMnews-თან საუბრისას ასევე ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში მოპოვებულ წარმატებას, რომელსაც ნიკოლაევის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ-კონკურზე მიაღწიეს და აღნიშნა, რომ შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან ხელშეწყობის შემთხვევაში, ეს გზა აუცილებლად გაგრძელდება.
170 წლის წინ, 1850 წლის 14 იანვარს, თბილისში, კლასიკური გიმნაზიის დარბაზში, გიორგი ერისთავმა თეატრისმოყვარულ საზოგადოებას სპექტაკლი - „გაყრა“ წარუდგინა, რომელის ავტორი, რეჟისორი და ერთ-ერთი როლის შემსრულებელიც თავადვე იყო. ეს გახლდათ პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დედაქალაქზე გაცილებით ადრე, XIX საუკუნის 40-იან წლებში, სცენისმოყვარეთა პირველი წარმოდგენა გორში გაიმართა. 1845 წლის 1-8 მაისსა და ამავე წლის 11 ივლისს და 7 აგვისტოს, დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის კომედია - „გამოუცდელობა, ანუ დროებით განშორება სიყვარულისა“ დაუდგამთ. როგორც ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, სინამდვილეში, სწორედ ეს იყო პირველი ცდები ქართული თეატრის ჩამოყალიბებისა.