საზოგადოება
28.11.2019 15:53
ღვარების მინის ქარხანა, რომელიც საუკუნენახევრის წინ ფუნქციონირებდა, საექპორტო პროდუქციას აწარმოებდა

ცოტამ თუ იცის, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვარები, სადაც ამჟამად 24 მუდმივმაცხოვრებელი მოსახლე ცხოვრობს, ორი საუკუნის წინ, ინდუსტრიული წარმოების ეპიცენტრს წარმოადგენდა. უფრო მეტიც, აქ დამზადებული მინის პროდუქცია საექსპორტო ხარისხის იყო და სტავროპოლის სახაზინო აფთიაქი მარაგდებოდა. GMnews-ი გთავაზობთ ისტორიკოს ელდარ მამისთვალიშვილის ნაშრომის -„გორის ისტორია“ (II, 2019 წლის გამოცემა) მიხედვით მომზადებულ მასალას.

ძმებმა, ელიზბარ და დიმიტრი ერისთავებმა მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში, სოფელ ღვარებში მინის ქარხანა მოაწყვეს. როგორც ირკვევა, მათი წინაპრები , ამავე სოფელში, ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში აწარმოებდნენ მინას.

1841 წელს ერისთავებს თბილისში კონკურენტებიც გამოუჩნდნენ, თუმცა, თბილისში მოქმედ საწარმოს კონკურენცია ვერ გაუწევია ერისთავების ღვარების ქარხნისთვის და 1843 წელს დაუხურავთ. 1944 წლიდან ქარხანას კიდევ უფრო წარმატებით გაუგრძელებია მუშაობა, რაც მთავრობასაც შეუნიშნავს და ერისთვაებისთვის, დახმარების სახით, ქარხნის გაუმჯობესებისთვის სესხად გამოუყვია 3000 მანეთი.

ღვარების ქარხნის პროდუქცია თავდაპირველად მწვანე ფერის ყოფილა, არც ხარისხი აკმაყოფილებდათ მწარმოებლებს და გაუმჯობესებას მუდმივად ცდილობდნენ. ამავე პერიოდში, საფანჯრე მინის გამოშვებაც უცდიათ, თუმცა, ესეც მწვანე შეფერილობის გამოსულა. მოგვიანებით კი, ბოთლებიც ხარისხიც და იხვეწა და საფანჯრე მინაც უკეთესი გამოსულა. შესაბამისად, მოთხოვნაც გაზრდილა.

1846 წელს, ერისთავებს მთავრობამ სთხოვა, ჭურჭელი სტავროპოლის სახაზინო აფთიაქისთვისაც დაემზადებინათ. ძმები შეკვეთის შესრულებაზე დათანხმდნენ, თუმცა, სანაცვლოდ, ავანსის სახით 8750 მანეთი მოითხოვეს. მეფისნაცვალმა ვორონცოვმა ასეთი დიდი თანხა გადამოწმების გარეშე არ გასცა და სიტუაციის ადგილზე შესასწავლად ღვარებში მოხელეები გაგზავნა. ქარხანაში არსებული ვითარება დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა და მხარეების შეთანხმების თანახმად, სტავროპოლში პირველი საექსპორტო მინის ჭურჭელი გაიგზავნა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სააფთიაქო ჭურჭელთან ერთად, ღვარების მინის საწარმომ საფანჯრე მინა და ღვინის ბოთლიც ჩაუშვა წარმოებაში.

ისტორიკოს ელდარ მამისთვალიშვილის წიგნში მოყვანილი ცნობების მიხედვით, ღვარების მინის ქარხანა ერთ დიდ ხის შენობაში ყოფილა მოწყობილი, სადაც 12 ღუმელი მდგარა (სადნობი, მინის გასაწმენდი, საწრთობი, გამოსაწვავაი, სამასალო).

იყენებდნენ შემდეგ მასალებს: თიხას, სოდას, პოტასიუმს (კალაქვა) სილას, ნაცარს, შაბს.

ქარხანაში 21 კაცი ყოფილა დასაქმებული - 6 ოსტატი (2 უცხოელი, 2 რუსი) და ერისთავების 15 ყმა.

წლების შემდეგ კიდევ უფრო გაზრდილა წარმოება, ახალი შენობებიც აუშენებიათ და 1864 წელს, ელიზბარ ერისთავის თხოვნის საფუძველზე, მეფისნაცვლის გადაწყვეტილებით, ქარხნის განვითარებისთვის ერისთავს 25 000 მანეთი მისცეს 18 წლით უპროცენტო სესხის სახით.

ელიზბარ და დიმიტრი ერისთავების გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრეებმა წარმოებას თავი ვეღარ გაართვეს და სამართავად უცხოელს გადასცეს, რომელსაც ღვარებში მინისთვის საჭირო ახალი მასალებიც აღმოუჩენია და წარმოებაც გაუუმჯობესებია, თუმცა, 1878 წელს ღვარების მინის ქარხანა დაიხურა.

კვირის ამბები