საზოგადოება
28.10.2021 12:06
რა ცვლილებები დახვდებათ აბიტურიენტებს მომავალ წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართულის ნაწილში

2022 წელს აბიტურიენტებს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში ცვლილებები დახვდებათ. როგორც ცნობილია, აპლიკანტებს სამი დავალების შესრულება მოუწევთ; I - ტექსტის რედაქტირება; II - წაკითხულის გააზრება და  III - წერითი დავალება (აბიტურიენტმა უნდა იმსჯელოს დავალების პირობაში მოცემული საკითხის შესახებ იმ მხატვრული ტექსტის საფუძველზე, რომელიც მან აირჩია საგამოცდო ტესტის  II. ნაწილის დავალებების შესასრულებლად). ამასთან, 10 ქულით მცირდება მაქსიმალური შეფასება და ის 70-ის ნაცვლად, 60 იქნება.

როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია მითითებული, წერით დავალებაში შესულმა ცვლილებებმა შეფასების კრიტერიუმების შეცვლაც გამოიწვია. დავალება 10 კრიტერიუმით შეფასდება, მაქსიმალური ქულა კი, 34 იქნება. დავალების ესა თუ ის მითითება შესრულებულად არ ჩაითვლება, თუ მასზე მხოლოდ ერთი-ორი წინადადებით იქნება პასუხი გაცემული. ამასთან, ნაშრომი, რომლის მოცულობაც 150 სიტყვას არ აღემატება, VIII, IX და X კრიტერიუმებით არ შეფასდება.

„გორის მაცნე“ გთავაზობთ იმ კრიტერიუმების ჩამონათვალს და თითოეულის მაქსიმალურ ქულას, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ნაშრომი:

დავალების პირობის ადეკვატური გაგება და გააზრება - 3 ქულა;

ნაშრომის აგება - 2 ქულა;

მხატვრული ტექსტის ანალიზი - 5 ქულა;

პრობლემის აქტუალობის დასაბუთება - 5 ქულა;

ზოგადი განათლება - 3 ქულა;

დამოუკიდებელი აზროვნება - 3 ქულა;

ფაქტობრივი სიზუსტე - 3 ქულა;

ლექსიკა და სტილი - 3 ქულა;

მორფოლოგია, ორთოგრაფია, სინტაქსი - 5 ქულა;

პუნქტუაცია - 3 ქულა.

კვირის ამბები