საზოგადოება
27.10.2021 17:24
თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი შეკრება დაიწყო

თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი შეკრება დაიწყო. აქცია საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა.

მოქალაქეები აქციას, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოდან შეუერთდნენ.

ამ წუთებში, ღონისძიებაზე, სიტყვით გამოდის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

„ჩვენ, რამდენიმე დღეში, კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ არჩევანი; არჩევანი არა ერთ და მეორე პოლიტიკურ პარტიას შორის, არამედ, არჩევანი სამართლიანობასა და უსამართლობას შორის, სიკეთესა და ბოროტებას შორის, მშვიდობასა და ქაოსს, ზრუნვასა და ჩაგვრას, განვითარებას და რეგრესს, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის მომავალსა და წარსულში დაბრუნებას შორის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროცესის შემაჯამებელ შეკრებაზე.

პრემიერის თქმით, ხალხს დღეს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, სამუშაო ადგილები, კეთილდღეობა და არა არეულობა, ქაოსი, დესტაბილიზაცია, ბოიკოტი და რევანში.

შეგახსენებთ, რომ პარტიის შიდა ქართლის რეგიონული კოორდინატორის ინფორმაციით, აქციას შიდა ქართლიდან 10 000-მდე მხარდამჭერი ესწრება.

კვირის ამბები