დღეს, 27 ოქტომბერს, სოფელ ვარიანში ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 181-ე წლისთავი აღინიშნება.
როგორც GMnews-თან გოგებაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის დირექტორმა ნათია ადუაშვილმა განაცხადა, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, აღნიშნული თარიღი მოკრძალებული ღონისძიებით აღინიშნება - მუზეუმის სტუმრებისთვის საზოგადოება „ბილიკის“ აღსაზრდელები გამართავენ ინსცენირებებს. გარდა ამისა, მთელი დღის განმავლობაში დაწესებულება უფასოდ უმასპინძლებს სტუმრებს.
„კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, მეორე წელია, აღნიშნულ თარიღს მწერლის მშობლიურ სოფელ ვარიანში მოკრძალებულად აღვნიშნავთ. დილის საათებში, ტრადიციულად უკვე შესრულდა წირვა გარდაცვლილი მწერლის სახელზე, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ (გვაზავა) ჩაატარა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი, გვირგვინით შეამკეს მუზეუმის ეზოში მდებარე იაკობ გოგებაშვილის ძეგლი, “ - აღნიშნა ნათია ადუაშვილმა.
მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი და საბავშვო მწერალი დაიბადა 1840 წლის 27 ოქტომბერს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში. მწერალს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შექმნილი სასკოლო სახელმძღვანელოები რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში.