ტურიზმი
28.11.2019 14:43
დიდ ბრიტანეთში საქართველო 2020 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად აღიარეს
დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ტუროპერატორთა ასოციაციამ (ABTA) საქართველო 2020 წლის საუკეთესო მიმართულებად დაასახელა. საქართველოსთან ერთად ანგარიშში 11 ტურისტული მიმართულება, მათ შორის - ჰოლანდია, მაროკო, სამხრეთ კორეა, მადრიდი, ვენა და სხვა ქვეყნები მოხვდნენ. აღნიშნულ ანგარიშში საერთაშორისო ექსპერტებიც იყვნენ ჩართულები. კვლევის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის, რეგიონების ცნობილი დღესასწაულები, ღირსშესანიშნაობები და ტურისტული მიმართულებები შეისწავლეს.
„საქართველო გამაოგნებლად სასიამოვნო ქვეყანაა, რომლის დედაქალაქიც გართობის მრავალფეროვნებით გამოირჩევა, თბილისში მზარდია კლუბების რაოდენობაც. აქ ნახავთ უამრავ ბარს და რესტორანს, სადაც მაღალი ხარისხის ქართული ღვინო აქვთ. საქართველოს რეგიონები სიმწვანით, ხელუხლებელი ბუნებით გამოირჩევა. ქვეყნის 70% ტყით არის დაფარული. საქართველოში UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ადგილებია, მათ შორისაა: ჯვარი და სვეტიცხოველი. საქართველოში რაც ყველაზე გამოსარჩევია, ეს არის ძალიან მეგობრული, ტურისტების მიმართ კეთილგანწყობილი ხალხი. საქართველო სტუმარმასპინძლობით გამორჩეული ქვეყანაა“, - ვკითხულობთ დიდი ბრიტანეთის ტუროპერატორთა ასოციაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
დიდი ბრიტანეთის ტუროპერატორთა ასოციაცია 65 წლის წინ დაარსდა. ასოციაციაში 4300-ზე მეტი ტურისტული ბრენდია გაწევრიანებული.
კვირის ამბები