სახელმწიფო პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში, პირველკლასელებისთვის განკუთვნილი ბუკების დიდი ნაწილი უკვე მივიღეთ, რამდენიმე დღეში, მეორე ეტაპზე გადმოგვეცემა დარჩენილი რაოდენობაც - ამის შესახებ „გორის მაცნეს“ საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა განუცხადა.
ტერმაკოზაშვილის თქმით, ნეტ ბუკების განაწილება სკოლებზე დღეს დაიწყო.
„რამდენიმე წელია, საქართვლოში პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, პირველკლასელებს ნეტ ბუკები გადაეცემათ. წელს, კოვიდპანდემიის გამო, მოწოდებაში გარკვეული შეფერხება შეიქმნა, თუმცა, ამჟამად უკვე მივიღეთ 1300 კომპიუტერული ტექნიკა და უკვე დავიწყეთ სკოლებზე გადანაწილება. ბუკების მიღება მოხდება ორ ეტაპად, მეორე ეტაპზე, ანუ რამდენიმე დღეში მივიღებთ დანარჩენ რაოდენობასაც, შესაბამისად, აღნიშნული ტექნიკა ყველა პირველკლასელს გადაეცემა, მთლიანობაში, მუნიციპალიტეტში 1765 პირველკლასელი გვყავს“, - განაცხადა „გორის მაცნესთან“ საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა.
ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე მიღებული კომპიუტრული ტექნიკა პრიორიტეტულად გადაეცა იმ სკოლებს, რომელთა პირველკლასელებიც დისტანციური რეჟიმით სწავლობენ.