დღეს, 27 ოქტომბერს, თბილისში, „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ აქციას მართავს. აქციას მხარდამჭერები შიდა ქართლიდანაც შეუერთდებიან.
რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მხარდამჭერები თბილისის მიმართულებით ერთ საათში გაემგზავრებიან.
,,ქართული ოცნების“ რეგიონული კოორდინატორის, აბელ აბესაძის ინფორმაციით, აქციას შიდა ქართლიდან 10 000 მხარდამჭერი უერთდება.
როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ათეულობით ათასი მოქალაქე შეიკრიბება იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ აჩვენონ, როგორია ქართველი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ღირსებისა და თავისუფლების დასაცავად, ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის.
,,ათეულობით ათასი მოქალაქე შეიკრიბება იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, თუ როგორია ქართველი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად, ღირსებისა და თავისუფლების დასაცავად, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის.
2 ოქტომბერს ჩვენ ნდობა გამოგვიცხადა ამომრჩევლის 47 პროცენტმა, პრაქტიკულად ყოველმა მეორე ამომრჩეველმა, რაც გვაძლევს ახალ სტიმულს და გვაკისრებს პასუხისმგებლობას, რომ შემდეგი სამი წლის განმავლობაში ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისათვის.
ეს გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი. ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის მომავალი, მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ოთხშაბათს, 27 ოქტომბერს გელოდებით თავისუფლების მოედანზე“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.