საზოგადოება
26.10.2021 14:57
ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან შემცირებულია, გუშინ, „გორმედის“ ქსელის სამივე კლინიკაში სულ 42 პირი აიცრა

აცრის კაბინეტს ძირითადად ის პირები აკითხავენ, ვინც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით იცრება, პირველ დოზაზე კი უკიდურესად შემცირებულია მომართვიანობა, - ამის შესახებ „გორმედის“ ქსელის კლინიკურმა დირექტორმა ხათუნა შრუბმა განაცხადა.

„ვაქცინაციასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ შემცირებულია მომართვიანობა, უმეტესად, ვაქცინაციაზე მოდიან მეორადი დოზებით ასაცრელები. მაგალითად, გუშინ, ქსელის მასშტაბით, ამცრელ კაბინეტებს სულ 42-მა პირმა მიმართა. დამეთანხმებით, ეს ძალიან მცირეა იმისთვის, რომ შევამციოთ ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი“, - განაცხადა ხათუნა შრუბმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 4 927 პირი აიცრა, მათგან, შიდა ქართლის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მოქმედ ვაქცინაციის კაბინეტებში  208 პირი აიცრა.

კვირის ამბები