უკვე ჩანს, რომ ძალიან მძიმე ნოემბერი გვექნება, ქსელის მასშტაბით სრულიად გადატვირთულია საწოლფონდი, - ამის შესახებ „გორმედის“ ქსელის კლინიკურმა დირექტორმა ხათუნა შრუბმა განაცხადა. როგორც შრუბი აღნიშნავს, კლინიკაში შესული პაციენტების 99% აუცრელია.
„ძალიან მძიმე მდგომარეობაა კლინიკებში. ფაქტობრივად, დავბრუნდით იგივე სიტუაციაში, რაც გავიარეთ შარშან და უკვე ჩანს, რომ ძალიან მძიმე ნოემბერი გვექნება, რადგანაც ქსელის მასშტაბით სრულიად გადატვირთულია საწოლფონდი. თუ ვახერხებთ რაღაც რესუსის გამონახვას და პაციენტების მიღებას, ეს ხდება გამოჯანმრთელებული პაციენტების გაწერის ხარჯზე. იმიტომ, რომ სრულად გადატვირთულია კლინიკები. ამჯერად, ქსელის მასშტაბით, კრიტიკული მედიცინის ცენტრში იმყოფება 19 პაციენტი. შემოდის საკმაოდ მძიმე კონტიგენტი, თერაპიულ განყოფილებაშიც კი უკვე მძიმე პაციენტები შემოდიან. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ მათი უმეტესობა არის აუცრელი, ფაქტობრივად, 99% არის აუცრელი პაციენტი, ასე რომ, გამოსავალი ისევ და ისევ არის ვაქცინაცია. შესაბამისად, კიდევ მოვუწოდებ ყველას, რომ აიცრას“, - აცხადებს ხათუნა შრუბი.