საზოგადოება
26.10.2021 11:22
ჩინეთი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 3 წლის ბავშვების აცრას იწყებს

ჩინეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 3 წლის ასაკიდან ბავშვების ვაქცინაცია იწყება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სხვადასხვა ქალაქისა და პროვინციის ადგილობრივმა მთავრობებმა მოქალაქეებს უკვე აცნობეს, რომ ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, 3-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებს ვაქცინაციას ჩაუტარებენ.

როგორც ცნობილია, ჩინეთის მთავრობამ აცრის ასაკობრივი ჯგუფის გაფართოების გადაწყვეტილება ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში კოვიდინფიცირების შემთხვევების ზრდის და შესაბამისად, ახალი შეზღუდვების დაწესების ფონზე მიიღო.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებული განცხადების შესაბამისად, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ოთხი განსუში, სადაც დღეიდან ყველა ტურისტული ადგილი დაიხურა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში მოსახლეობის 76% სრულადაა ვაქცინირებული. ხელისუფლება კოვიდ შემთხვევების გავრცელების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას ახორციელებს.

კვირის ამბები