გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში მდებარე თაფლის გადამამუშავებელი საწარმო თაფლის კვლევებისათვის საჭირო პორტატული ლაბორატორიით აღიჭურვება
იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (JICA), პროექტის „ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოდელის შექმნა საქართველოში“ ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს, თაფლის გადამმუშავებელი საწარმოს აღჭურვისათვის, 87,250 აშშ დოლარის ღირებულების თაფლის კვლევების პორტატული ანალიზატორის სრული კომპლექტი საჩუქრად გადასცა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში თაფლის გადამმუშავებელი საწარმო „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში აშენდა. საწარმო აღიჭურვილია თაფლის წარმოების სრული ციკლისათვის საჭირო თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი დანადგარებით, სადაც შესაძლებელია დღეში არანაკლებ ორი ტონა თაფლის გადამუშავება და ერთგვაროვანი თაფლის მიღება.
თაფლის გადამმუშავებელი საწარმოო ინფრასტრუქტურა კონკურსის წესით შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს საკუთრებაში 30% თანადაფინანსებით გადაეცემა.