იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები შიდა ქართლში კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე მოეწყო
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაფინანსებით, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე მოეწყო.
შესრულებული სამუშაოები სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვაკო მჭედლიძემ მოინახულეს.
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, პროგრამის მიზანს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა და დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.
„სახელმწიფო უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამას. ამ პროგრამის ფარგლებში, ჩვენს რეგიონში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში არაერთი სათბური მოქმედებს. დავათვალიერეთ დევნილი ოჯახებისთვის მოწყობილი რამდენიმე სასათბურე მეურნეობა. ვფიქრობ, ეს პროექტი ძალზე მნიშვნელოვანია, დევნილებს რამდენიმე სახის ბოსტნეული კულტურები მოჰყავთ და პროდუქტის რეალიზაციას თავადვე ეწევიან. სასათბურე მეურნეობები ამ ოჯახების შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა“, - განაცხადა ვაკო მჭედლიძემ
დევნილთა სააგენტო სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამას ყოველწლიურად ახორციელებს.