რეგიონი
28.11.2019 14:39
2020 წლისთვის ხაშურს შემოვლითი მაგისტრალური გზა ექნება
აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და მისმა პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ დაათვალიერეს და პროცესს ადგილზე გაეცნენ
„ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობა, ეს არის მონაკვეთი, რომელიც ექსპლუატაციაში მომავალ წელს უნდა შევიდეს და ხაშურს ექნება შემოვლითი გზა. ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის განუყოფელი ნაწილი და პრაქტიკულად, ამ მონაკვეთების შემდეგ ვუახლოვდებით რიკოთის უღელტეხილს, სადაც მშენებლობა ასევე აქტიურად მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხაშურის შემოვლითი გზის სამუშაოებზე დაახლოებით 400 ადგილობრივია დასაქმებული,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ახალი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთიდან იწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან დაუერთდება არსებულ გზას. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის მონაკვეთი ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ამ მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო. ამასთან, პროექტი შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.
კვირის ამბები